Skip to main content

Google Cloud-ის ავტომატიზებული დაყენება

გადახედვა

Outline Manager-ს აქვს ფუნქცია, რომლითაც ავტომატურად შეგიძლიათ Outline-ის სერვერის კონფიგურაციის დაყენება სერვერზე, რომელიც გაშვებულია Google Cloud-ში. თუ ამ ფუნქციას აირჩევთ, Outline Manager გთხოვთ შესვლას თქვენს Google ანგარიშში, რომელიც მოგანიჭებთ გარკვეულ OAuth ნებართვებს Outline Manager-ის თქვენს ადგილობრივ ინსტალაციაზე თქვენი Google Cloud ანგარიშის კონფიგურირების მიზნით.

თუ ამ ნებართვების მინიჭება არ გსურთ, მიჰყევით გაფართოებული დაყენების ინსტრუქციას Outline Manager-ში, რათა Outline გაუშვათ Google Cloud Platform-ზე.

მინიჭებული ნებართვები

ავტომატიზებული დაყენების უზრუნველსაყოფად Outline Manager საჭიროებს შემდეგ ნებართვებს თქვენი Google ანგარიშიდან.

Google Cloud Platform

  • თქვენი Google Compute Engine-ის რესურსების ნახვა და მართვა
  • თქვენი მონაცემების ნახვა Google Cloud სერვისებში და თქვენი Google ანგარიშის ელფოსტის მისამართის ნახვა

ანგარიშის საბაზისო ინფორმაცია

  • თქვენი Google ანგარიშის ძირითადი ელფოსტის მისამართის ნახვა
  • თქვენი დაკავშირება Google-ში არსებულ თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან

დამატებითი წვდომა

  • თქვენი Cloud Platform-ის პროექტების მართვა
  • თქვენი Google Cloud Platform-ის ბილინგის ანგარიშის ნახვა და მართვა
  • თქვენი Google API სერვისის კონფიგურაციის მართვა

ამ ნებართვებით შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ გაფართოებულ ფუნქციონალობას თქვენი Outline-ის სერვერების სამართავად, მათ შორის, შემდეგს:

  • თქვენთვის ნების დართვა, აირჩიოთ სწორი ბილინგის ანგარიში
  • ახალი პროექტის შექმნა თქვენი Outline-ის სერვერების ორგანიზებისთვის
  • ხელმისაწვდომი მონაცემთა ცენტრების ჩამონათვალის შექმნა
  • ახალი ვირტუალური მანქანების შექმნა Outline-ის გასაშვებად
  • ახალი ვირტუალური მანქანის კონფიგურირება Outline-ით

ნებართვების გაუქმება

შეგიძლიათ გააუქმოთ წვდომა Google Cloud Platform-ზე Outline Manager-ისთვის ჩემი ანგარიშის მონახულებით. თუ წვდომას გამოიხმობთ, ნებისმიერი სერვერი, რომელიც შექმენით ავტომატიზებული დაყენებით, გაშვებული დარჩება, მაგრამ აღარ გამოჩნდება Outline Manager-ში. მათთვის წვდომის აღსადგენად, უბრალოდ, ხელახლა დააკავშირეთ Google Cloud Platform-თან ავტომატიზებული დაყენების ნაკადის დაწყებით.

Outline-ის პროექტის ორგანიზაცია

Google Cloud-ის ავტომატიზებული დაყენება იყენებს ერთGoogle Cloud პროექტს თქვენი Outline-ის სერვერების ორგანიზებისთვის. პროექტი იქმნება ავტომატიზებული დაყენების პირველი გამოყენების დროს, პროექტის შემოთავაზებული ID-ით, რომელიც იწყება სიტყვით „Outline-“ და გრძელდება შემთხვევითი სიმბოლოებისგან შედგენილი ფრაზით. შექმნისას შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა პროექტის ID, თუ ასე გირჩევნიათ. პროექტს დაერქმევა „Outline-ის სერვერები“.

ბილინგის ანგარიში

Google Cloud პროექტები საჭიროებს „ბილინგის ანგარიშს“, რომელიც გადახდის ინფორმაციას განსაზღვრავს. როდესაც პირველად იყენებთ Google Cloud-ის ავტომატიზებულ დაყენებას, მოგეთხოვებათ ბილინგის ანგარიშის მითითება Outline-ის სერვერებთან ასოცირებისთვის. ზოგჯერ სერვერის გაშვება წყდება ბილინგის ანგარიშის პრობლემის გამო. ასეთ შემთხვევაში უნდა შეხვიდეთ სისტემაში Google Cloud კონსოლში, მოძებნოთ Google Cloud პროექტი, დაკავშირებული Outline-თან (სახელწოდებით „Outline-ის სერვერები“) და განაახლოთ ბილინგის პარამეტრები.

სერვერების განადგურება

თუ გსურთ ავტომატიზებული დაყენებით შექმნილი თქვენი სერვერების განადგურება, ამის გაკეთება ყველაზე ადვილია Outline Manager-იდან. თუმცა, თუ გსურთ სერვერები თვითონ გაანადგუროთ, შეგიძლიათ შეხვიდეთ სისტემაში Google Cloud კონსოლში, იპოვოთ პროექტი, რომელიც თავდაპირველი დაყენების დროს შეიქმნა (სახელწოდებით „Outline-ის სერვერები“) და ან წაშალოთ რესურსები მასში, ან გამორთოთ პროექტი.